სკოლის ისტორია

სკოლის მოკლე ისტორია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სკოლა საუკუნეზე მეტია არსებობს: მეცხრამეტე საუკუნეში სოფლები ხვარბეთი, გოგორეთი და ახალსაყდარი (თხინვალი) ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული. ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების გეოგრაფიულ ცენტრში, სოფელ გოგორეთში სასწავლებელი 1883 წელს გაიხსნა(Кавказский календарь; თბილისი, 1890 წელი, ჩანაწერი გვ. 129 (457)). სკოლა ერთკლასიანი იყო, 75 ვაჟ მოსწავლეზე გათვლილი. სკოლით სარგებლობდა აგრეთვე სოფელ კონჭკათის მოსახლეობა. 1890-93 წლებში სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა( ცნობის ფურცელი: ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1901. 7 დეკემბერი, N1663, გვ.4). 1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა(ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. ტფილისი, 1903. 16 აპრილი N 2123, გვ. 3). 1920-იან წლებში გააქტიურდა მოსახლეობის სოფელ გოგორეთიდან დაბლობში (მერეში) გადასახლების პროცესი. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის მერიაში მოსახლეობის რაოდენობამ გოგორეთის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბა და სოფლის სკოლაც იქ გადავიდა. 1935 წლიდან სკოლაში უკვე სრული საშუალო განათლების მიღება იყო შესაძლებელი. 

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1896 წლის 8 ივლისი, #248(სტატია მესამე გვერდზე) - სკოლის მასწავლებელს, ბატონ მიხეილ თუმანიშვილს, სკოლის კურსდამთავრებულებისთვის საჩუქრად წიგნები დაურიგებია. სტატიაში საუბარია მასწავლებლის სხვა საქველმოქმედო საქმეებზეც(იხ. ბმული)

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1901 წლის 7 დეკემბერი, #1663(სტატია მეოთხე გვერდზე) - სოფლის მამასახლისად აირჩიეს ბ. მარგალიტაძე, რომლის მამასახლისობის პერიოდშიც (1890-1893 წლებში) სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა, ის სკოლის მზრუნველადაც ითვლებოდა.(იხ. ბმული)

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1901 წლის 28 მარტი, #1422 - ხვარბეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი კ. გობეჩია მადლობას უხდის ნ. ბ. რუსიეშვილს, რომელმაც გამოუწერა სკოლას გაზეთი "ცნობის ფურცელი"; ყ. ქარცივაძეს, პ. დოლიძეს, მ. ცერცვაძეს, შ. ცერცვაძეს, ს. ჭანიშვილს, დ. მურვანიძეს და ლუკა ტუღუშს, რომლებმაც სასწავლებელს ათ-ათი შაური შესწირეს;  აგრეთვე გ. შარაშიძეს, მარგალიტაძეს და მიხეილ ცერცვაძეს, რომლებმაც სასწავლებელს ხეხილის ნერგები და საბოსტნე თესლეულობა აჩუქეს(იხ.ბმული).

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1903 წლის 16 აპრილი, #2123(სტატია მესამე გვერდზე) - სკოლაში 200-ზე მეტი ვაჟი მოსწავლე სწავლობს და სამი მასწავლებელი ასწავლის. სკოლის შესანახად საზოგადოება იხდის 700 მანეთს, ხოლო ხაზინა - 450 მანეთს.  28 მარტს გაიხსნა საქალებო სკოლა, სადაც 50 ქალი სწავლობს. (იხ. ბმული

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1903 წლის 12ივნისი, #2178(სტატია მეოთხე გვერდზე) - სკოლაში წლიური გამოცდები ჩატარდა(იხ. ბმული)

გაზეთი "მერცხალი",1908 წლის 20 აპრილი, #11 - ხვარბეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი კონსტანტინე ჭიჭინაძე მადლობას უცხადებს გიორგი ბებურის ძე მარგალიტაძეს, რომელმაც სკოლას შესწირა საყმაწვილო ჟურნალ "ნაკადულის" 1908 წლის კომპლექტი(იხ. ბმული)

გაზეთი "შინაური საქმეები", 1910 წლის 6 ივნისი - გურია - სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდეს მოგზაურობა გურიაში, მისი სტუმრობა ხვარბეთის დაწყებით სკოლაში(იხ. ბმული).

გაზეთი "ერთობა", 1918 წლის 5 იანვარი(სტატია მეორე გვერდზე) - ადგილობრივი მასწავლებლებისა და ინტელიგენტებისგან სცენის მოყვარულთა წრე შემდგარა, რომლებმაც სკოლის შენობაში სპექტაკლი "სიმდიდრის მსხვერპლი" წარმოადგინეს (იხ. ბმული).

გაზეთი "საქმე", 1910 წლის 4ნოემბერი, #34 - მასწავლებელ სონა დუდუჩავას ტრაგიკული ისტორია(იხ. ბმული)

გაზეთი "ხომლი", 1908 წლის 24 ივლისი, #10 - სკოლის პრობლემების შესახებ(იხ. ბმული)